პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი:
სს „ქებული კლიმატი“ (ს/ნ 202283242), მისამართი: ქ.თბილისი, ე.ბოცვაძის ქ. №4, (შემდგომში – კომპანია) – გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში.
კომპანიის ვებ-გვერდი: https://qebuli-climate.ge/
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ:
1. მონაცემთა სუბიექტმა* განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;
2. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
3. მონაცემთა დამუშავება საჭიროა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
4. კანონის თანახმად, მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;
5. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად);
6. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი.
7. მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანი
კომპანიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება შემდეგი მიზნით:
1. პროდუქციის შეძენისა და მიწოდების;
2. მომსახურების გაუმჯობესების;
3. მარკეტინგული მიზნებისთვის;
4. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებისთვის;
5. მომხმარებელთა მხრიდან დაფიქსირებულ პრეტენზიებზე რეაგირებისთვის;
6. პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში ონლაინ განვადების დამტკიცების მიზნებისთვის;
7. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებათა და ვალდებულებათა შესრულების მიზნებისთვის.
რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ?
ზემო ხსენებული მიზნებიდან გამომდინარე, კომპანიის მხრიდან შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:
· სახელი და გვარი;
· დაბადების თარიღი;
· პირადი ნომერი;
· ტელეფონის ნომერი;
· ფაქტობრივი მისამართი;
· ელ. ფოსტის მისამართი.
აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება სავალდებულოა მომხმარებლის მიერ შეკვეთის განხორციელებისათვის. თუ თქვენი მხრიდან არ იქნება მოწოდებული შესაბამისი ინფორმაცია, ვერ მოხდება თქვენთვის სასურველი შეკვეთის განხორციელება და მოწოდება.
გაცნობებთ, რომ ზემოთ მოცემული ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, გადაეცემა ჩვენს პარტნიორ კომპანიებს საქონლის მიწოდების უზრუნველყოფის ან საგარანტიო, თუ სხვა სახის მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად.
გარდა ამისა, კომპანიას შესაძლოა ასევე წვდომა ქონდეს პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფით გადმოცემულ ინფორმაციაზე, როგორებიცაა: თუ რა ტიპის ბრაუზერსა და ოპერაციულ სისტემას იყენებს მომხმარებელი, ვებ-გვერდზე შესვლის დრო და ხანგრძლივობა, ვებ-გვერდის დომენის სახელი. მონაცემები ასევე მუშავდება (“Cookies” საშუალებით), რომლის მეშვეობითაც წვდომა გვაქვს მომხმარებლის IP მისამართზე. ამგვარი ინფორმაციის დამუშავება ხდება ავტომატურად, შემდგომში მომსახურების გაუმჯობესების მიზნებისთვის.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ხანგრძლივობა და ფარგლები
სს „ქებული კლიმატი“-ს მიერ მონაცემთა დამუშავება მოხდება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი წაიშლება, განადგურდება ან შენახული იქნება დეპერსონალიზებული ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მონაცემთა დამუშავება განსაზღვრულია კანონით ან/და კანონის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და მონაცემთა შენახვა აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში აღმატებული ინტერესების დასაცავად.
კომპანიის მხრიდან თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა გამჟღავნებულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინტერესებს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, დანაშაულის გამოვლენასა და გამოძიებასა, ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ ინტერესებს, მომხმარებლისა და სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე, სამართალდამცავი თუ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.
მონაცემთა სუბიექტის (მომხმარებლის) უფლებები
მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას მოსთხოვოს იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:
1. მის შესახებ იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ;
2. მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ;
3. მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;
4. მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა.
მომხმარებელს უფლება აქვს ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია მიიღოს მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება.
თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, თავად აირჩიოს ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების ფორმა. ამასთანავე, თუ მონაცემთა სუბიექტი სხვა ფორმით არ მოითხოვს ინფორმაციის მიწოდებას, მას ინფორმაცია მიეწოდება იმავე ფორმით, რომლითაც მოხდა ინფორმაციის მოთხოვნა.
მომხმარებელს უფლება აქვს კომპანიაში გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა გაცნობისთვის ან/და მონაცემთა ასლების გაცემისთვის:
ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური;
ბ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დადგენილია გონივრული საფასური მონაცემთა შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან/და მოთხოვნის სიხშირის გამო.
მომხმარებელს უფლება აქვს გაეცნოს აღნიშნულ მონაცემებს ან/და მიიღოს მათი ასლები მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არის დადგენილი. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მომხმარებელს დაუყოვნებლივ ეცნობება.
მომხმარებელს უფლება აქვს გაეცნოს ზემოთ მითითებულ მონაცემებს ან/და მიიღოს მათი ასლები იმ ფორმით, რომლითაც დაცულია კომპანიაში. მომხმარებელს აგრეთვე უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა ასლების მიწოდება განსხვავებული ფორმით, კომპანიის მიერ დადგენილი გონივრული საფასურის სანაცვლოდ და იმ შემთხვევაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია.
თუ კომპანია მონაცემთა სუბიექტისგან დამოუკიდებლად გამოავლენს, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები მცდარი, არაზუსტი ან/და არასრულია, მან გონივრულ ვადაში უნდა გაასწოროს, განაახლოს ან/და შეავსოს მონაცემები და მონაცემთა გასწორებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამის შესახებ აცნობოს მონაცემთა სუბიექტს. შეტყობინების ვალდებულება არ არსებობს, თუ მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება ტექნიკური შეცდომის გასწორებას/აღმოფხვრას უკავშირდება. თუ არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის დადგენილ ვადაში მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების ვალდებულების შესრულებას, კომპანიამ ცვლილების განხორციელების შესახებ ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტს უნდა მიაწოდოს მასთან პირველი კომუნიკაციის განხორციელებისთანავე.
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს კომპანიას მოსთხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება. ასეთი მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი) მონაცემები უნდა გასწორდეს, განახლდეს ან/და შეივსოს ან მონაცემთა სუბიექტს ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი.
კომპანიას უფლება აქვს, უარი თქვას მონაცემთა სუბიექტის აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ:
1. არსებობს მონაცემთა დამუშავების “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით (მუხლი 5, მუხლი 6) გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი;
2. მონაცემები მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით; მონაცემთა დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების განსახორციელებლად;
3. მონაცემები მუშავდება კანონით გათვალისწინებული საჯარო ინტერესებისთვის არქივირების მიზნით, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლების განხორციელება შეუძლებელს გახდის ან მნიშვნელოვნად დააზიანებს დამუშავების მიზნების მიღწევას.
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ ინფორმაცია მიიღოს შესაბამისი მოქმედების განხორციელებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
კომპანია ვალდებულია ყველა მონაცემთა მიმღებს, აგრეთვე ამავე მონაცემთა ყველა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირსა და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, რომლებსაც თავად გადასცა მონაცემები, შეატყობინოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირების ან მონაცემთა მიმღებების სიმრავლის ან/და არაპროპორციულად დიდი დანახარჯების გამო.
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, კომპანიას მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) მონაცემთა სუბიექტი სადავოს ხდის მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს;
ბ) მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მონაცემთა სუბიექტი ეწინააღმდეგება მათ წაშლას და ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას;
გ) მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა მონაცემთა სუბიექტს ისინი სჭირდება საჩივრის/სარჩელის წარსადგენად;
დ) მონაცემთა სუბიექტი მოითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა;
ე) არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.
კომპანია ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში დაბლოკოს მონაცემები ზემოთ მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემთა დაბლოკვამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
ა) კომპანიის მიერ კანონით ან/და კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ბ) კანონის შესაბამისად საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესრულებას ან საქართველოს კანონმდებლობით კომპანიისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას;
გ) კომპანიის ან მესამე პირის ლეგიტიმურ ინტერესებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის, განსაკუთრებით არასრულწლოვანის, უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
დ) მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესებს, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვას.
მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგული გზით დამუშავება
მიუხედავად მონაცემთა შეგროვების/მოპოვების საფუძვლისა და მათი ხელმისაწვდომობისა, კომპანია პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით. ხოლო, მონაცემთა სუბიექტის სახელის, გვარის, მისამართის, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით სხვა მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა.
მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა ყოველგვარ მიზეზ გარეშე. მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდება. ასევე, თანხმობის გამოხმობა შესაძლებელია კომპანიის ელ. ფოსტაზე welcome@qebuli.ge შეტყობინების განხორციელების გზით.
კომპანია შეწყვეტს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებას მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად კომპანიას ეკისრება მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობის შესახებ ინფორმაციის გაცვლის ვალდებულება.
მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა
კომპანია ვალდებულია, მიიღოს სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა კანონმდებლობის შესაბამისად დამუშავებას და მათ დაცვას დაკარგვისგან, უკანონო დამუშავებისგან, მათ შორის, განადგურებისგან, წაშლისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან ან გამოყენებისგან.
თუმცა ტექნოლოგიური სწრაფი განვითარების პირობებში კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ მიუხედავად კომპანიის მხრიდან მიღებული უსაფრთხოების ზომებისა, სრულად მოხდება უკანონო შეღწევის, ჰაკერული და თაღლითური გზით მოპოვებული მონაცემების დაცვა შეცვლის, გამჟღავნების, დაკარგვის ან განადგურებისაგან.
საკანონმდებლო ნორმები
წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
*მონაცემთა სუბიექტი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება (მათ შორის, მომხმარებელი).